საჰაერო მოძრაობის მარშრუტების განვითარების ჯგუფის (RDGE) 25-ე საიუბილეო შეხვედრა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) 70-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს. სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ICAO-ს კონფერენცია და ამ ორგანიზაციის თავისუფალი საჰაერო მოძრაობის მარშრუტების განვითარების ჯგუფის (RDGE) 25-ე საიუბილეო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც საჰაერო მარშრუტების მოდერნიზაციასთან, ასევე ევროპისა და აზიის ახლო ნაწილის საჰაერო სივრცის განვითარებასთან არის დაკავშირებული. კონფერენცია შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა გახსნა.
RDGE 25 - ს იკაოს ევროპულ ბიუროში შემავალი ყველა ქვეყნის დელეგატი ესწრება, მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ასევე იკაოს სამი ოფისის (ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის) წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ასეთი მასშტაბის ღონისძების საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა - მეტად განავითაროს საავიაციო ინდუსტრიია ქვეყანაში, წარმატებული და შედეგიანია.
“ქვეყნისთვის, რომელიც თავისი პოლიტიკით ყალიბდება როგორც სატრანზიტო ჰაბი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პარტნიორი ქვეყნებისთვის მიმზიდველები საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც გახდეს. საქართველოს, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლია, უმოკლესი მარშრუტების მეშვეობით ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც დააკავშიროს ერთმანეთთან აზია და ევროპა. საქართველო სტაბილურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ქვეყანაში ავიაციის სფეროს განვითარებას, ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა არსებული მექანიზმის მაქსიმალურად გამოყენებას, რაც მოამზადებს საქართველოს მსოფლიო ავიაციის სრულფასოვან და მიმზიდველ წევრად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მოემსახურება საქართველოს გაძლიერებასა და ქვეყანაში საავიაციო შესაძლებლობის განვითარებას, რათა მეტი თავდაჯერებულობით გავუმკლავდეთ თანამედროვე, მრავალმხრივ და დიდი მასშტაბის გამოწვევებს,”- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა დავით ხუციშვილმა.
ICAO-ს თავისუფალი საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა. ჯგუფის მისია საჰაერო მარშრუტების ოპტიმიზაციის კონცეფციის შემუშავება და მისი იმპლემენტაციაა. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს იმ ტიპის საჰაერო სივრცის შექმნას, რომლის გამოყენების დროსაც ავიაკომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ფრენის მარშრუტის დადგენისას უმოკლესი მანძილი აირჩიონ და შეძლონ შემოსვლის და გასვლის უმოკლეს წერტილებს შორის რეისის ისე დაგეგმვა, რომ არ დაჭირდეთ საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან წინასწარი შეთანხმება და კონკრეტული საჰაერო მარშრუტის მითითება. მოკლე საჰაერო მანძილი კი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. საჰაერო მარშრუტების მანძილის შემცირება პირდაპირ კავშირშია ბილეთის ფასთანაც, რაც დადებითად აისახება ტურიზმზე და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაზეც.
“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ევროპის საჰაერო სივრცის მოწყობის პროცესში ICAO-ს ასეთი მნიშვნელოვანესი ჯგუფის 25-ე საიუბილეო შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა სწორედ საქართველოა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან კონსტრუქციული და სანდო როლის შესრულება ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან,”- განაცხადა საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
დღეს საქაერონავიგაცია საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დამატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის. აღნიშნულ შეხვედრაზე შპს “საქაერონავიგაციას” ჯგუფისთვის შეთავაზებული აქვს 3 ახალი მარშრუტის დამატება, რომლებიც გააერთიანებს ჩვენი რეგიონის რამდენიმე ქვეყანას და რეგიონალურ ჭრილში მოიზიდავს უფრო მეტ ავიაკომპანიას.